დამეთანხმებით ალბათ, რომ წონა ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა. არც მე ვარ გამონაკლისი.
ბავშვობაში სხვა ბავშვებზე პუტკუნა ვიყავი, თუმცა მსუქანი არ მეთქმოდა. ჩემი ასეთი გარეგნობა უფროსებს მხოლოდ ამხიარულებდათ. შევეჩვიე მათგან ყურადღებას, მოფერებას და ხშირად ლოყაზე ჩქმეტას.
რომ წამოვიზარდე თავისთავად გავხდი, თუმცა აქედან მოყოლებული ჩემს ცხოვრებაში ხშირია წონის მკვეთრი ცვლილებები. შეიძლება ერთი თვის მანძილზე კარგად გამოვიყურებოდე, შემდეგ თვეში კი 7-8 კილო მოვიმატო. შემდეგ ისევ ვიკლებ და ასე გრძელდება დაუსრულებლად.
ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, არასწორი ცხოვრების წესის ბრალია. უკვე 2 თვეა დღე და ღამე მაქვს არეული ერთმანეთში. სწავლა, გამოცდები და სამსახური… დღეში 24 საათი მართლაც ძალიან ცოტაა. კვების დროს საერთოდ ვერ ვაქცევ ყურადღებას. დილით არასოდეს არ მცალია საუზმისთვის, საღამოს კი ისეთი მშიერი ვარ ვერც კი ვაკონტროლებ რამდენს ვჭამ. ისეთი დაღლილი ვარ ხოლმე პირდაპირ მივდივარ და ვიძინებ.
ძალიან რთული ყოფილა სწავლასთან ერთად მუშაობის შეთავსება…
გარდა არეული კვების რეჟიმისა, დღის მანძილზე ძალიან ცოტას ვმოძრაობ. ჩვევად მაქვს საღამოს 1-2 საათის მანძილზე სეირნობა, მაგრამ რამდენი ხანია ამასაც ვეღარ ვახერხებ.
ამ ყველაფრის შედეგი სახეზეა: დეკემბრის მერე მომატებული მაქვს 8 კილო.
საკმარისია კვების რეჟიმი მოვაწესრიგო, რომ ყველაფერი ლაგდება ხოლმე. საღამოს, სახლში დაბრუნებისას საშინელი შიმშილი აღარ მაწუხებს-ხოლმე და ერთი-ორი თვე საკმარისია რომ ჩვეულ ფორმას დავუბრუნდე.

მოკლედ, 8 თებერვლიდან გადავდივარ მოწესრიგებულ კვების რეჟიმზე. შედეგებს დავწერ ხოლმე
წარმატებები მისურვეთ